Автор Тема: ანტისაბჭოთა ორგანიზაცია – სამანი  (Прочитано 2594 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20107
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
ანტისაბჭოთა ორგანიზაცია – სამანი

გეგა არდაზიშვილი

ანტისაბჭოთა ორგანიზაცია სამანი 1942 წლის ზაფხულში მაშინდელი თელავის რაიონის სოფ. ზემო ალვანში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. სამანი იშიფრება როგორც – საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.
ეხლა კი ქრონოლოგიურად მივყვეთ მის ჩამოყალიბებას და განვითარებას. სამანის ჩამოყალიბების იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 1941 წელს, განჯის სამხედრო ნაწილში. ამ იდეას სათავეში ედგნენ გიორგი იმერლიშვილი და კოტე ხიმშიაშვილი, რომლებიც ამავე ნაწილში მსახურობდნენ. ანტისაბჭოთა იდეა მალევე განხორციელდა და ორგანიზაციად გადაიქცა თავისი მართველი ორგანოთი და კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმით.
ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო ზემო ალვანელი თუში გიორგი ქადაგიძე, რომელიც იმ წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი იყო. გიორგი ქადაგიძის მეშვეობით ანტისაბჭოთა ორგანიზაციას დაუკავშირდნენ ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ (ფანცალე) იმედაძე.
1941 წლის დეკემბრისათვის საბჭოთა მთავრობამ მათი არსებობის შესახებ შეიტყო და მისი წევრების დაპატიმრება დაიწყო. 1941 დეკემბრის თვიდან 1942 მარტამდე პერიოდში დაპატიმრებული იქნა 37 პიროვნება, მათ შორის გიორგი ქადაგიძე, რომელიც დახვრეტილ იქნა.
მთავრობის მხრიდან აღნიშნული რეპრესიული მოქმედებების შემდეგ ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ იმედაძე თბილისს გაეცალნენ და თელავის რაიონის ტყეში განაგრძეს ორგანიზაცია სამანის ჩამოყალიბება/განვითარება. სამანის ძირითადი ცენტრი მდებარეობდა სოფელ ზემო ალვანში.
1942 წლის ოქტომბერში სამანის მეთაურები: ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე, მიხეილ იმედიძე თუშეთში გაემგზავრნენ იქ ორგანიზაციის შესაქმნელად და შემდეგ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედ იდრის მაგომედოევის შეიარაღებულ ფორმირებასთან დასაკავშირებლად.
ხოლო მანამდე კახეთში, ზემო ალვანსა და ქვემო ალვანში შექმნეს ორგანიზაცია და დაგეგმეს შეიარაღებული მოქმედებები მოწინააღმდეგეების მიმართ. დაცხრილეს თელავის რაიაღმასკომის თავჯდომარის – ციხისთავის მანქანა. მაგრამ თვითონ ციხისთავი გადაურჩა თავდასხმას. ამ პერიოდში სამანელებს მცდელობა ჰქონდათ საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ცეკას მდივან ჩხუბიანაშვილზე თავდასხმის მცდელობა.
სამანელები პირველად შტორლაში ასულან. მათ მეგზურობას უწევდა პლატო უშიძე, რომლის მამა – ბიძები 1924 წლის აჯანყებულთა თანადგომისათვის გაასამართლეს და დახვრიტეს.
შტორლადან ომალოში გადავიდნენ, იქაურებს დაელაპარაკნენ, საბჭოს თავჯდომარეს დანიელ ბიღოიძეს და ლუარსაბ (როსა) მელაიძეს. და შემდეგ გადავიდნენ სოფელ დოჭუში და იქ დაიდეს ბინა.
სამანელებმა სოფელ დოჭუში დაიწყეს აქტიური სააგიტაციო საქმიანობა, შემოიკრიბეს მხარდამჭერები. შეადგინეს 17 – 18 პუნქტიანი პირობის ფურცელი – წესდება და ყოველ მიმხრობილს ამ ფურცელზე ხელს აწერინებდნენ.
1942 წლის ზაფხულის პერიოდში ფრონტზე მიმდინარე ამბები სამანელებს იმედს აძლევდა რომ 1943 წლისათვის გერმანიის ჯარები კავკასიონის ქედს გადმოლახავდნენ და საქართველოს განთავისუფლებას მოახდენდნენ ბოლშევიკური მთავრობისგან.
აგიტაციის დროს სწორედ ამ ფაქტორზე კეთდებოდა აქცენტი: „გაზაფხულზე გერმანელები შემოვლენ, კოლექტივები დაიშლება და თქვენ, ვისთვისაც რა წაურთმევია კოლმეურნეობას – ცხვარი, ცხენი, მსხვილფეხა პირუტყვი თუ მიწა – მამული, ყველა თავისი დაუბრუნდებაო. ჩვენ მანამდე უნდა დავამხოთ ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება.“
სანამ სამანელები თუშეთში ავიდოდნენ მანამდე ჰყავდათ იქ მხარდამჭერების საკმაო რაოდენობა. როგორც ირკვევა სამანელები ზამთრის გატარებას თუშეთში არ აპირებდნენ. იქ მხოლოდ უნდა შეექმნათ ორგანიზაცია და თვითონ უნდა გადასულიყვნენ ჩეჩნეთში, იდრის მაგომედოევის შეიარაღებულ ფორმირებასთან დასაკავშირებლად, აქ აპირებდნენ დაკავშირებოდნენ გერმანელებს და გაზაფხულზე მათვე უნდა გადმოყვნენ სადაც დახვდებოდათ უკვე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია.
სცადეს კიდეც სამანელებმა ჩეჩნეთში გადასვლა მაგრამ ვერ მოახერხეს და იძულებულები გახდნენ დარჩენილიყვნენ ზამთრის განმავლობაში თუშეთში. ზამთრის პერიოდში მათი მოღვაწეობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მხარდამჭერთა მიზიდვა და იარაღის შოვნა.
იანვრის თვეში სამანელების ბირთვმა გომეწარის სოფლები შემოიარა, აგიტაციის მიზნით და შემდეგ მივიდნენ სოფელ, ნაციხარში. სადაც მოიწვიეს ჭანჭახოველთა კრება. ამ კრებაზე ხეობის ექვსივე სოფლის მამაკაცებს ორგანიზაციის წესდებაზე ხელი მოაწერინეს.
სამანელებმა საცხოვრებლად და შტაბად სოფელი დოჭუ აირჩიეს. დაარსეს ორი საყარაულო პუნქტი ბოჭორნაში და ხახაბოში, სადაც მუდმივ ედგათ შეიარაღებული ყარაულები.
სამანის მართავს ამ პერიოდში ახდნეს ოთხი ადამიანი:
• ადამ ბობღიაშვილი
• გიგო ქააძე
• მიხეილ (ფანცვალე) იმედიძე
• არჩილ კიტოშვილი
სამანელები ზამთრის დროს ცდილობენ კავშირი დაამყარონ თბილისში დარჩენილ წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილ ნაწილთან. ამ მიზნით ადამ ბობღიაშვილმა კახეთში გამოგზავნა ჯგუფი, სამი კაცის შემადგენლობით: გოგალე ხოხიაიძე ვახტანგ ცისკარიშვილი და გიორგი რაინაული.

ამ ჯგუფიდან გოგალე ხოხიაიძე იყო მეკავშირე, რომელსაც დანაბარები უნდა გადაეცა თელავში ორგანიზაციის წევრისთვის – კიმოთე ლაგაზიძისთვის, რომელიც იმ დროს თელავის რაიონის ჯანგანში მუშაობდა. და კიმოთეს მეშვეობით უნდა დაკავშირებოდნენ თბილისს. მაგრამ როდესაც ჯგუფი თუშეთიდან ალვანში ჩავიდა, უკვე სამი კვირის დაპატიმრებული იყო კიმოთე. აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა დაკავშირება და ჯგუფი ისევ უკან თუშეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ სამანელები აბსოლუტურ იზოლაციაში და ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ და სრულიად დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედებები. ამ იზოლაციის პერიოდში სამანელების ლიდერებში გაჩნდა ასეთი მოსაზრება: „გერმანელები თუ არა ინგლისელები მაინც მოვლენ, ხალხისთვის კიდე სულ ერთია, თავისუფლებას ეღირსებიანო.“
მთელი ამ ხნის განმავლობაში სანამ სამანელები აქტიურობდნენ, შინსახკომიც არ იყო უქმად, პერიოდულად მათ შორის ხდებოდა ხოლმე „კონტაქტები“. ხან მცირე შეიარაღებული დაპირისპირება ხან კიდე სამანელების მეკავშირეების დაკავება ხდებოდა.
შინსახოკმმა თავისი მოქმედებები სამანელების მიმართ გააქტიურა და მათი მოქმედების არეალი თანდათან მცირდებოდა. ამ პრესმა სამანელების შიგნითაც წარმოშვა დაძაბულობა.
თებერვლის ბოლოსთვის დაღესტანიდანაც თუშეთში შინსახკომის ჯარი, გამოცდილი მეთაურის ალიოშა კვაშალის მეთაურობით.
მან მიზნად დაისახა ხელშეუხებლობის მიცემის საშუალებით ხალხი ჩამოეცილებინა სამანის ბირთვისთვის. უნდა ითქვას რომ კვაშალმა წარმატებას ეტაპობრივად მიაღწია და რკალი თანდათან ვიწროვდებოდა.
სამანელების ლიდერებმა განსაზღვრეს მოახლოებული საფრთხე და გადაწყვიტეს კახეთში წამოსულიყვნენ. ეს ადმიანები იყვნენ: ადამ ბობღიაშვილი, ფანცვალე იმედიძე, გიგო ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დევანოზ თავბერიძე, მამა – შვილი კიბორჭაიძეები პეტო და ბიჭიკო.
ამ დროს უკვე სამანელების მხარდამჭერები კვაშალის მხარზე გადავიდნენ. კვაშალმა შეიტყო სამანის ხელმძღვანელობის კახეთში წამოსვლის შესახებ და შეადგინა თორმეტკაციანი შეიარარებული რაზმი მათ გასანადგურებლად. ამ ჯგუფში შედიოდნენ, ჯგუფის ხელმძღვანელი, კომპარტიის წევრი, დართლოს სასოფლო საბჭოს თავჯდომარე კობე არშაულიძე, ქარუმაიძე მიტრო, რაინაული სვიმანი, მათე წვერაძე….
მადევრები სამანელების კვალს სწორად მიჰყვნენ, დასაზვერად წინ წასული მათე წვერაიძე თავზე წაადგება კიდეც მძინარე სამანელებს. შემდეგ უკან დაბრუნდება ისე ჯგუფთან და მეთაურისთვის შეუთავაზებია რომ მათი დაპატიმრება, მაგრამ კობე წინააღმდეგი წასულა, არ დაგვნებდებიანო.
გამთენიისას სამანელებს შეუნიშნავთ მისული მადევრის ნაკვალევი და მათ შორის სროლა ატყდა. საბოლო ჯამში ეს დაპირისპირება სამანელების განადგურებით დასრულდა, ამ შეიარაღებულ დაპირისპირებას მხოლოდ გადაურჩა გიგო ქააძე და პეტო კიბორჭაიძე, რომლებიც მხოლოდ დაიჭრნენ. აღსანიშნავია ისიც რომ თელავიდანაც იყო შეიარაღებული რაზმი წამოსული რათა ალყაში მოექციათ სამანელები.
ამის პარალელურად კვაშალი დროს არ კარგავს და იწვევს თუშეთის კრებას ომალოში. დანიშნულ დღეს ომალოს სკოლა – ინტერნატის ეზოში თუშეთის მთელი მოსახლეობა იყრის თავს. კვაშალის თხოვნით ყველა ეწერება სიაში ამის, შემდეგ ალიოშა კვაშალის ბრძანებით ჯარმა ალყა შემოარტყა შეკრებილებს. ნაწილი იქვე გაანთავისუფლა კვაშალმა ხოლო 52 ადამიანი დააპატიმრა და მარტის ბოლოს ჩაიყვანეს თელავში. დაპატიმრებულთა უმრავლესობას შეეფარდათ 10 წლიანი პატიმრობა და გადასახლება, უმეტესობა ვერც დაბრუნდა უკან. ხოლო სამანის ხელმძღვანელობიდან:
• ადამ ბობღიაშვილი, შეიარაღებულ შეტაკებაში გარდაიცვალა.
• მიხეილ (ფანცვალე) იმედიძე, შეიარაღებულ შეტაკებაში გარდაიცვალა.
• გიგო ქააძე, დაპატიმრების შემდეგ დახვრიტეს.
• არჩილ კიტოშვილი, დაპატიმრების შემდეგ დახვრიტეს.

სამანელების ისტორია ძალიან დიდია და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი, აქედან გამომდინარე ამ ჩანაწერში არასრულად არის წარმოდგენილი ინფორმაცია.
შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გიორგი ცოცანიძის წიგნიდან – თუშური ქრონიკები.

გამოყენებული წყარო:
გიორგი ცოცანიძე – თუშური ქრონიკები.

« Последнее редактирование: Февраль 19, 2013, 09:17:33 pm от Simo Hayha »

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20107
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
ბევრ ქართველს დღემდე არ სმენია მათი არსებობის შესახებ, რამეთუ ბუმბერაზმა ერისშვილებმა დაჩრდილეს საქმენი მათი, მაგრამ ჩვენი ვალია ყველა ქართული სისხლისათვის წამებულ პატრიოტს პატივი მივაგოთი მარადი ხსოვნით!

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20107
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
წარსულის ცოცხალი მემატიანე – “სამანელთა” უკანასკნელი წევრი გიორგი ხოხიაიძე

[float=left][/float]“…არ არის გასაყოფელი, წუთები წუთისოფლისა…”

/ჩაწერილია 2009 წლის თებერვალში, ქვემო ალვანში. გარდაიცვალა 2010წ./

მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოში არსებობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სამანი”, რომელიც საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლ ახალგაზრდა ნაციონალისტებს აერთიანებდა და რომელშიც თუშები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და კერძო საკუთრების, როგორც ცხოვრების ბუნებრივი განვითარების აუცილებელი პირობის აღდგენას. 1941 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა სამანელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი. სამანელთა ნაწილმა შეძლო თავი დაეღწია რეპრესიებისათვის და ადრე გაზაფხულზე თუშეთს შეეხიზნა. ორგანიზაციის ცნობილმა წევრებმა: ადამ ბობღიაშვილმა, კიმო ლაგაზიძემ, გიგო ქააძემ, მიხეილ იმედიძემ ანტისაბჭოთა პროპაგანდა გააჩაღეს. სამანელთა პირველი კრება 1942 წელს სოფელ დოჭუში, გოგალე ხოხიაიძის ბინაში გაიმართა, რომელსაც 50 კაცი დაესწრო. კრებამ გომეწრის ხეობაში საბჭოთა ხელისუფლება დამხობილად გამოაცხადა.

თუშეთში მოქმედმა “სამანის” ხელმძღვანელობამ სოფელ დოჭუში გ. ხოხიაიძის ბინაში გამოიზამთრა და 1943 წლის ადრეულ გაზაფხულზე საბედისწეროდ დაასრულა საქმიანობა. თელავიდან შინსახკომის 250 კაციანმა რაზმმა სოფელი ომალო დანაღმა. საიდუმლო ორგანიზაციის წევრების ერთი ნაწილი მთაშივე დახოცეს და თავები დააჭრეს, ცოცხლად დარჩენილები კი ერთმანეთს თოკით გადააბეს და ზამთრის სუსხიან ყინვაში ბარისკენ ფეხით გამორეკეს, მოძმეთა მოჭრილი თავები კი ხურჯინით მეგობრებსვე ატარებინეს.

გასული საუკუნის ტრაგიკული ისტორიული წარსულის ცოცხალი მემატიანე, 87 წლის უსინათლო გოგალე პაპა, დღეს სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობს. იგი “სამანელთა” ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო, რომელიც 18 წლის დააპატიმრეს და გაასამართლეს. ათი წელი პატიმრობა და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

გოგალე პაპამ საბჭოთა კავშირის თვრამეტი ციხე მოიარა, უამრავჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თვითმკვლელობამდეც კი მისულმა, ენით აუწერელი ტანჯვა-წამება გამოიარა. ღვთის უსაზღვრო მოწყალებამ და მისმა მტკიცე ხასიათმა კი ყოველივესგან იხსნა.

“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი” – უსმენ გოგალე პაპას და ადამიანს მხოლოდ ეს სიტყვები შეიძლება აღმოხდეს, შეუძლებელია დიდი ემოციისა და ცრემლის გარეშე მოისმინო მისი ტანჯული წარსული, რომელიც ნამდვილად ერთი დიდი გოლგოთა და ჯვარცმაა. ისმენ და უნებურად ფიქრობ – ნუთუ ამ ყველაფრის გადამტანი ადამიანი დღეს ცოცხალია? მართლაც რომ საკვირველია უფლის განგება… უფრო მეტად საკვირველი კი ის არის, რომ არა თუ ცოცხალი, მადლიერია ეს ადამიანი… გოგალე პაპას ერთი ყვედრება არ დასცდება. ყველაფრისთვის, სულ მცირედისთვისაც მადლიერებითა და სხვა ადამიანებზე ზრუნვა-სიყვარულითა არის აღსავსე. არ ემდურის და არ განიკითხავს მათაც კი, ვინც ციხეში აწამებდა და ვისთვისაც ჯალათობა პროფესია იყო.

უსმენ გოგალე პაპას და საკუთარი თავის გრცხვენია, რა უმწეოა თანამედროვე ადამიანი, რა მცირედი ტკივილისა და განსაცდელის გადატანა გვიჭირს დღეს, როგორ ვყვედრით და ვწუწუნებთ.

საქართველოს ტრაგიკული ისტორიული წარსულიდან აჩრდილივით შემორჩენილ გოგალე პაპას, ნამდვილად, რომ ღვთით მიმადლებული აქვს მოყვასის სიყვარული, სიმდაბლე, უბრალოება, მორჩილება, ყველა ის თვისება რასაც ნამდვილი ქრისტიანი უნდა ატარებდეს.

მისი ცხოვრება შეიძლება ორ ეტაპად გაიყოს – მადლიან თუშეთში გატარებული ლაღი ბავშვობა და ჯვარცმული ახალგაზრდობა – პატიმრობა, გადასახლება.
დღეს უსინათლო გოგალე პაპას ერთადერთი სიხარული აქვს – ვინმე თუ გაიხსენებს მის არსებობას და ინახულებს. სტუმარი ყველაზე მეტად ახარებს და თავის გასაოცარ, ტანჯულ ცხოვრებაზე ბავშვური გულწრფელობით, დაუზარლად უამბობს…

_ გოგალე პაპა, თავდაპირველად იქნებ თვენს ოჯახზე და თუშეთში გატარებულ ბავშვობაზე მოგვითხროთ… როგორ იზრდებოდით?

ათი დედმამისშვილი ვცხოვრობდით დოჭუში. მამაჩემი – ბაგრატი მჭედელი და მეწისქვილე იყო, დედა – ბაბალე მკაცრი ქალი იყო, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამდენი შვილი ვყავდით. სახლში კიდევ ძალიან ყოჩაღი ბერდედა გვყავდა, 102 წელი იცოცხლა. მახსოვს მთელი ოჯახი, დიდი-პატარა ვმარხულობდით ხოლმე. ეხ, ძველად ძალიან მორწმუნე ხალხი იყო. სოფელ ილიურთაში მამა ბაგრატის (ცოცანიძე) მონათლული ვარ.

ჩემს ბავშვობაში ხუთი დედმამისშვილი გარდამეცვალა. დედა ორი შვილის დაკრძალვას ვერც კი დაესწრო, თვითონ სულ მთაში იყო, შვილები – ბარში, კახეთში, სკოლაში ვსწავლობდით. მაშინ ესეთი ცხოვრება იყო, მოკვდებოდა-დარჩებოდა კინაღამ ყურადღება არ ექცეოდა. დედა მოთმინებით იტანდა დარდს, ერთი კი ძალიან ჩამრჩა მეხსიერებაში – დედა ჯარანის ხმაზე ტიროდა და ჩამოდენილი ცრემლი საყელოს უსველებდა, თან ჯარანს ატრიალებდა, რომ მის ხმაურს ტირილ-გოდების ხმა დაეფარა. ძალიან კარგი დედა გვყვანდა.

მამა მკაცრი და ჭკვიანი, გაგებული კაცი იყო. მახსოვს თელავის ციხეში, რომ ჩამსვეს, მნახა და მისი ბოლო დარიგება იყო: “როგორიც მიდიხარ, ასეთი ჩამოდიო. მშიერი მოკვდი და ქურდობა არ დაიწყოვო. გაჭირვებამ მაგეთი ცუდი საქმეები არ გაგაკეთებინოსო.”

ძალიან ტკბილად მახსენდება ბავშვობა, კინაღამ ხუთი წლიდან დავაჭენებდი ცხენს, თავისით ვერც კი ვჯდებოდი, ხან გადმომაგდებდა…

1942 წელს მარტო დოჭუში 63 კომლი ცხოვრობდა, ცამეტი-თოთხმეტი კომლი ზამთრობითაც რჩებოდა. მარტო ბავშვები ოცდაათზე მეტნი ვიყავით. წინათ თუშები გომეწრის გზაზე დადიოდნენ და (არა იმ გზით, რომლითაც ახლა ავდივართ) ბარიდან თუშეთს მომავალ მგზავრს სოფელი დოჭუც უნდა გაევლო. აბა, ივნისში მთაში ხომ არაფერი ხილი არ არის, შორს მთაზევე შევნიშნავდით მომავალ მგზავრს და სიხარულით გავიყრებოდით გზაზე მთელი სოფლის ბალღები, – მგზავრი მოდისო, დავხვდებოდით გზაზე და ჟივილ-ხივილით გავეკიდებოდით – “ვაშლი მოგვეც მგზავრო…” ძალიან კარგი ურთიერთობები იყო, გართობაც კარგი იყო, ხალხიც უფრო მიდგომილი, ჭკვიანი, თბილი იყო.

_ როგორ მოხვდით “სამანის” პოლიტიკურ ორგანიზაციაში და როგორ მოხდა თქვენი დაპატიმრება?

ჩვენი სოფელი დოჭუ რთულად მისადგომია და ამდენად მარჯვე იყო საიდუმლო საქმიანობისთვის. “სამანი” საიდუმლო ორგანიზაცია იყო და მასში ძალდატანებით არავინ არ იყო. ზემო და ქვემო ალვანში თუკი ვინმე სახელმწიფო სამსახურში იყო, საბჭოს თავმჯდომარემ თუ სხვამ, ყველამ იცოდა რომ ეს ორგანიზაცია არსებობდა. მტრებად არავინ არ თვლიდა და თავისებურად თითქმის ყველა გამოხატავდა თანაგრძნობას. აი, ყველას – ახალგაზრდას, მოწაფეს თუ სტუდენტს ერთი მაინც ხომ ჰყავდა პატიმარი ახლობელი, ზოგს ჩამოართვეს ყველაფერი, გააკულაკეს, გააძევეს და ვის მოეწონებოდა ის მთავრობა. ამიტომ, შინაგანად, ფარულად სამანელებს ყველა თანაუგრძნობდა. ვინც სამანელებს მტრობდა, ყველა თავის თავის მტერი იყო. ძალიან ინტერესიანი ვიყავი და აქტიურად ჩავები. მთის არწივს მეძახდნენ, ამბის მისატან-მოსატანად სულ აქეთ-იქით მგზავნიდნენ და სწრაფად დავქროდი თანაც უცხენოდ, ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდი, “სამანელების” გამყოლიც ვიყავი. ხელისუფლებას მთელი ომალო დანაღმული ჰქონდა, ხალხი ისე გამყავდა და გამომყავდა, არავინ დაშავებულა. მთაში ძალიან ყოჩაღად გაზრდილი და მარჯვე ვიყავი.

ბარში მასიური დაპატიმრებები როდესაც წავიდა (დააპატიმრეს თელავის რაიონის “სამანის” იატაკქვეშა ორგანიზაციის ხელმძღვანელიც, რაიონის ჯანგანის უფროსი, ექიმი კიმოთე ლაგაზიძე), შინსახკომის ჯარი კვაშალის მეთაურობით მთასაც მოადგა. თუშეთის “სამანის” ხელმძღვანელობამ ყველაფერი თავის თავზე აიღო. თვითონ ჩაბარებას არ აპირებდნენ, უნდა გასხლტომოდნენ ხელისუფლებას. ზოგიერთი “სამანის” წევრი მაშინვე ჩაბარდა, რის გამოც აღარ გაასამართლეს და სიცოცხლე გადაირჩინეს. მე და რამოდენიმე წევრი (აბულიძე არსენა, დევდარაიძე მათე, ბაშინურიძე პლატო) არ ჩავბარდით, წოვათაში გადავიკარგეთ, მაგრამ მალევე გავიგეთ, რომ ოჯახის წევრების დაპატიმრება დაიწყეს და მეტი გზა არ გვქონდა, ჩავბარდით. დაპატიმრებით 72 “სამანელი” დაგვაპატიმრეს, თოკით ორ-ორი კაცი ერთმანეთზე გადაგვაბეს და თებერვალში ომალოდან თელავის შინსახკომის ციხეში ფეხით ჩამოგვრეკეს.

გაგვასამართლეს მხოლოდ 22 კაცი, დანარჩენები ზოგი პარტიული იყო, ზოგი კომკავშირელი, ზოგიც თანამშრომლობაზე დათანხმდა ხელისუფლებას, დათმობაზე წავიდნენ და თავი გადაირჩინეს.

სასამართლოზე პატიმრებში ასაკით ჩემზე პატარა არავინ არ იყო, თითქმის ჯერ ისევ ბალღი ვიყავი, 10 კლასიც ვერ დავამთავრე, თუმცა წარჩინებით ვსწავლობდი.
დაკითხვების დროს ერთი ასეთი შემთხვევა მახსოვს. მოურავიძე კოლა და მე სხვადასხვა კამერებში ვისხედით. გამომძიებელთან შემიყვანეს და მეკითხება კოლაზე ესა და ეს ხომ გააკეთაო. მე არაფერი არ ვთქვი. თურმე ამ გამომძიებელს კოლა მაგიდის ქვეშ დაემალა და ჩემს დაკითხვას ასმენინებს. კამერაში რომ დამაბრუნეს, ჩემს შემდეგ კოლა შემოიყვანეს, გადამეხვია და თავი ვეღარ შეიკავა, ატირდა.

გამომძიებელი ოთხივე თითს რკინის სეიფის კარებში დამადებინებდა, თვითონ სიგარეტს მოუკიდებდა, თან ფეხით აჭერდა სეიფის კარებს და თვალებში მიყურებდა. რა უნდა მეთქვა, რაც არ ვიცოდი, ზოგი რამ ვიცოდი კიდეც, მარა მაინც არ ვიტყოდი, მეგობრებს როგორ დავაბიზღებდი.

_ როგორი იყო თქვენი საბოლოო განაჩენი და რა შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ უმძიმეს წლებზე. რისი გაძლება და გადატანა გიხდებოდათ?

ათ-ათი წლით პატიმრობა მოგვესაჯა და მუდმივი გადასახლება ხმის უფლების ჩამორთმევით. 1943-53 წლებში პატიმრობა მოვიხადე, 1959 წელს კი რეაბილიტაცია შემეხო და ექვსი წლის შემდეგ გადასახლებაც მომეხსა.

სამანელების პირველი ეტაპი თბილისიდან 1944 წლის ძველით ახალწელს გავიდა. ათ წლიანი პატიმრობის მანძილზე, ხუთი წელი ჩრდილოეთით ურალის მთებში გავატარე, ერთი წელი ასტრახანში, დანარჩენიც ყაზახისტანში – ყარაგანდის ოლქში. 10 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის 18 ციხე მაქვს მოვლილი. პატიმრობაში თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მუდმივ გადასახლებაში უნდა ვყოფილიყავი. თითქმის ყოველ დღე სიკვდილის მოლოდინში ვიყავი და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებაც ხომ ზედმეტი იყო.

ერთი ესეთი შემთხვევა მახსოვს: ყარაგანდის ციხეში ყოფნისას სასეირნოდ, რომ გამიყვანეს (შემოღობილში 30-30 კაცი 10 წუთით ჰაერზე გავდიოდით) სქელი მავთულის ღობის შიგნით ნადირაანთ ბასილო და ჭოტიაიძე ოსე ვნახე, სამანელები. არც ვიცოდი, რომ იქ იყვნენ. მივესალმე: “გამარჯობათ, ქართველებო”. მე კარგად ვიცან და იმათ ვერა, აბა მე ბალღი წავედი და თითქმის 10 ნატანჯი წელი უკვე გასული იყო. თუშები ვართო, მითხრეს. მეც ნამყოფი ვარ თუშეთშითქო, ვუპასუხე. “ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო ბანაკში ხოხიაიძე გოგალეო და მალე გაანთავისუფლებენო, – ბასილო მეუბნება, – ჩემი ძმისწულიაო”. პირველი ზარი რომ დაირეკა, ვუთხარი: “მე ვარ გოგალე”. “აბა ბიჭო, რას გვაწვალებო”, – მავთულების შუაზე ვაკოცეთ ერთიმეორეს. აი, მაგათ შევხვდი იმ 10 წლის განმავლობაში.

…იქ დაჭრა, მოკვლა არაფერს არ წარმოადგენდა, ერთს ჩამოგხედავს, წავა. სულერთია იმისთვის, 10 წელი მიცემული აქვს, დარჩება ცოცხალი თუ არა არც იცის და სულ ერთია. მე მაგალითად ბოლოს ერთი წელი რომ დამრჩა, ვთქვი, ცოტა გავფრთხილდები, შეიძლე ბოლოს და ბოლოს მართლა ცოცხალი გადავრჩე და გავიდე. მანამდე არც ვფიქრობდი სიცოცხლე ღირდა თუ არა, არც მეგონა, რომ გავაღწევდი.

აი, მაგალითად პატიმრების ოცდაორკაციანი ბრიგადა რომ ჩამოყალიბდებოდა, თვის ბოლოს ვრჩებოდით ცხრა-ათი. დანარჩენი გვეხოცებოდა, რაღა შენ დარჩებოდი ცოცხალი. ისეთი საშინელი პირობები იყო, რომ ვერ უძლებდნენ და იხოცებოდნენ. მძიმე ფიზიკური შრომა და ძალიან მცირე საკვები, ცხიმეული საერთოდ არ გვქონდა. აბა, ჩემი ტანის კაცსა დღეში 450 გრამმა პურმა რა უნდა გიშველოს, როცა ტყეს აქცევ და ქვას ამტვრევ.

ხან დავფიქრდებიდ, “აი, რაიც მარტო ჩემ თვალებ არ ნახა, თავის გასაჭირს თავ დავანებოთ, რაიც მე მინახავს, ჩემ ჯამრთელობამ ი’ტან, აი, თვალებმა ალბათ ვეღარ ი’ტან”. ამაზე მეტი საშინელება რაღა იქნებოდა, სატვირთო გემებით (2-3 სართული წყალშია, მეტრანახევარი კიდევ ზედაპირზეა. ეს გემები გერმანელებისა იყო ომის დროს დარჩენილი, სატვირთო ბარჟები, გემს უნდა შეებას და გემმა უნდა ატაროს) გადავყავდით პატიმრები. ერთი თვე, თვენახევარი უნდებოდით ლაგერიდან ლაგერში გადაყვანას. 300 კაცზე ნაკლები არ ვიქნებოდით ერთად შეყრილები. მხოლოდ კვირაში ერთხელ ამოვყავდით ჰაერზე. გაჩნდა დეზინტერია, “პრაგულკის” დროს, კვირაში ერთხელ, მაღლიდან კარებს რომ გააღებდნენ, აი, არ დაიჯერებთ და ადამიანის ნაკელის აორთქლებული ყვითელი წვეთები ჭერიდან წვეთავდა… ზოგის ტუბერკულიოზის ნახველი… ოო, აი ეს იყო ყველაზე ძნელი, საშინელი ასატანი. აი, როგორ გადმოგცეთ წარმოდგენა არ მაქ, ამის ატანა და გადატანა… ცემას, დარტყმას, წამებას, შეიძლება მოკვლასაც კიდევ უფრო გაუძლებდი ადამიანი, აიტანდი უფრო ადვილად, ვიდრე ის, რასაც იქ თვალით ვხედავდი _ როგორ იხოცება ხალხი, ხან ერთი კვირა, მაგალითად შაბათიდან შაბათამდე, სიბნელეში ხომ ვერ ხედავდი და იცოდი კი, რომ მკვდარი იწვა მთელი კვირა შენს გვერდით. მერე გაზიდავდნენ და წყალში ყრიდნენ. მარტო პატიმრები კი არ იხოცებოდნენ, რამდენჯერ მინახავს ოთხ-ოთხი, ხუთ-ხუთი სალდათი პალატკა გადაფარებული. ისინიც ხომ ჩვენსავით საწყალი ადამიანები, პატიმრებივით სულ “ლაგერებში” იყვნენ. მარტო თავისუფლად დადიოდნენ და ხალხს ხოცავდნენ… ამ ყველაფერს გადავურჩი…

ფილტვების ანთება მქონდა ალბათ რვა, ცხრაჯერ მაინც, წამალი არაფერი, მარტო ცხელ ნაცარს ჩავყრიდი სუფთა პერანგში და იმაზე დავწვებოდი, ან აგურს, ქვას გააცხელებდი…

უფრო ცივ მხარეში ვიყავი სულ, ასტრახანიც უფრო ცივია, ზამთარში 40 გრადუსამდე ადის ყინვა, სიცხეც ასევეა. 50 გრადუსის ზევით ყინვა და ქარი თუ იყო, აღარ გავდიოდით სამუშაოდ. ვმუშაობდით მშენებლობაზე, მორების დამზადებაზე, შახტში. რაც ქალაქები, სოფლები დაინგრა, ომის შემდეგ უმეტესად ხომ პატიმრების აშენებულია… მე სამუშაოს არასდროს არ გაურბოდი, ზარმაცი არ ვიყავი. ერთადერთი დახასიათება მე მქონდა, რომ გაცდენები არ მქონდა. მშენებლობა იყო თუ ტყის ქცევა, მე ძირითადად ბრიგადირად ვიყავი. გადასახლებაშიც არცერთი დღე არ ყოფილა ვიღაცას ებრძანა ჩემთვის, იქაც სულ ბრიგადირად ვიყავი.

_ შეგუებული კი იყავით ყველაფერს, სიკვდილსაც, მაგრამ თექვსმეტი წლის მანძილზე რაიმე ადამიანური ნუგეში არავისგან გქონიათ?

აი, წარმოიდგინეთ კაცი რომ მშიერია, დამწყვდეულია, აბა დაბმულ ძაღლთან რა მეგობრობა გამოვა. იმ მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემაც კი ძნელია… როცა ხედავ, რომ შენი საშველი არ არის, შენს ირგვლივ მყოფი 1000-2000 კაცია, რომლებიც თვალწინ იხოცებიან, კლავენ და არ ეშველებიან, შენ ვინ მოგეშველება. ყველა გაჭირვებაში იყო. მანუგეშებელი ის იყო, თუ ჩხუბის დროს შემთხვევით ვიღაც მოვიდოდა, გაგაშველებდა და არ მოგკლავდა, განა შენ კი დაინდობდი? არც შენ დაინდობდი, მარა მაინც ერიდებოდი, თავს უფრთხილდებოდი…

ყოფილა, რომ შიმშილისგან წელს ქვემოთ მთლად დასიებულიც ვყოფილვარ. დილაობას რომ ავდგებოდი ფეხებს ხელით გავისწორებდი ხოლმე. ადამიანი ჯერ სივდება და მემრ კვდება. დიდხანს სძლებს მშიერა კაცი. გავბედე და ერთხელ გამწარებული წავედი ექთანთან. მოვითხოვე – მოხუცი არ ვარ, არაფერი არ მტკივა და მარტო შიმშილი მკლავს. აი, თქვენაც ხომ გინდათ სიცოცხლე, მარტო ერთი-ორ კვირას ისე მომაწყეთ, რომ ფეხზე დავდგე ცოტათქო, რომ ცხოვრება კიდევ გავაგრძელო. ამ ქალმა სასადილოს უფროსთან დამიწერა წერილი, – ამუშავეთ რაიმეზე და აჭამეთ ნორმაზეო. ასე დავიწყე იმ სასადილოში მუშათ მუშაობა. ბულაყითად (ჭიდან) წყალი უნდა ამომეღო და 300-400 ლიტრიანი ქვაბები უნდა გამევსო წყლით. სამი ვედრო რომ ამოვიღე ექვს მეტრიან ჭიდან, მეოთხე ვედროზე კინაღამ თავადა შიგ არ ჩავვარდი. მერე გადამიყვანეს, გარეცხილი და გაფენილი ხალათების ყარაულად. თავიდან 200-300 მეტრის გავლას კინაღამ 20 წუთი ვანდომებდი. ეს სიკეთე მახსოვს ამ ექთანი ქალისა… ყველასთან კარგი განწყობა მქონდა, ბოროტი არ ვიყავი, ზოგს გავაცინებდი, ხუმრობაც კიდევ შემეძლო, არავის არ ვაჯავრებდი.

აი, არ დაიჯერებთ: ორი მეტრი ითხრებოდა სიგანე და ორი კაცი თავ-ფეხით დაწვებოდა, მერე გარდი-გარდმო, კვადრატულად. გარდაცვლილებს ხუთ-ხუთ კაცს ჩავაწყობდით ათ რიგად და რომ გიავსებოდა მემრე მივაყრიდით მიწას. იყო შემთხვევები პალატკას მიაფარებდნენ, მიწას არა. მეც გამქონდა მკვდრები ჩრდილოეთ ურალში, მაგრამ აქ ორმოებს არა ვთხრიდით. პირდაპირ ყინულზე დავალაგებდით, წყალს დავაწინწლებდით, მერე სხვა მკვდარს დავალაგებდით სანამ არ დაეკვრებოდა, კინაღამ 60 გრადუსი ყინვები იყო და მაშინვე იყინებოდა. მე მექნებ 200-300 კაცი ასე დაწყობილ-დამარხული…

ყველაზე მეტად აუტანელი იყო, როცა პატიმარი პატიმარს ჩაგრავდა. ლაგერებში მეორე ხელისუფლება იყო – კანონიერი ქურდები, ბევრი რეციდივისტი იყო. ესენი აკონტროლებდნენ სიტუაციას, ყველაფერს გვართმევდნენ. ერთხელ ამანათი მივიღე ჩრდილოეთ ურალში, გზაში ოთხი თვე მოდიოდა. მე მარტო ერთი მჯიღი თამბაქო შემხვდა, დანარჩენი: ჩითები, წინდები, ყველაფერი წამართვეს. მათთან ჩხუბები მქონდა. ამ ამანათის წართმევისას ზურგში დანით დამჭრეს, მაგრამ აქაც გადავრჩი. შიმშილს თუ გადაურჩებოდი თავისუფლად შეიძლებოდა პატიმარს მოეკალი. ასევე, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა სამი-ოთხი ნაბიჯი შეიძლებოდა ზედმეტი გადაგედგა, მოგაწერდნენ გაქცევას და ადგილზე დაგხვრეტდნენ. ორმოცამდე ასეთი შემთხვევა მექნება ჩემი თვალით ნანახი… თურმე ადამიანი ყველაფერს ეჩვევი, სიკვდილიც კი ბოლოს საშინელი აღარ არის. პირველად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დღეს რაც გაგიჭირდება, ხვალე იმაზე უარესია და ძველს ყურადღებას აღარ აქცევ, ის განელდება…

ერთხელ მე-2 სართულიდან ჩამოვვარდით ხუთნი და მარტო მე გადავრჩი. ოღონდ ორი, სამი თვე ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. არც ექიმი, არც წამალი, მარტო არ მუშაობ. იოდი და სტრეპტოციტი, სხვა წამალი ლაგერში არ მინახია. მეორედ ხემ ამიტაცა, ოთხ-ხუთ მეტრზე მაღლა ვიყავი ჩაჭიდებული 2-3 საათი, იქ ძაღლებმა მიპოვეს. ძლიერი ყინვა იყო, მორებს ვჭრიდით და ყარაულმა ერთი კაცი რომ მოინაკლისა, ძაღლები გამოუშვა, იმათ მიპოვეს და გადამარჩინეს. მე კი ვხედავდი, მაგრამ დასუსტებულს, გაყინულს ხმა არ მქონდა რომ მეყვირა. მერე ცხენის მარხილებით წამომიყვანეს. ისე ყველანი იმ აზრს უფრო შეგუებული ვიყავით, რომ არ გადავრჩებოდით, ვინ დღეს და ვინ ხვალ…

ერთხელ ბაქოს ციხეში მილიციონერს მარილიანი ჩანთა დავარტყი (პატარა მეშოკში ორი ასანთის კოლოფის ხელა მარილი მქონდა დამალული და იმას მართმევდა). ჩამსვეს ექვსი დღე და ღამე “აძინოჩკაში” – ვერც ფეხზე დადგები, ვერც ხელებს გაშლი ისეთი ვიწროა და ერთი ბოჩკა დგას, მეტი არაფერი. თხელ საცვალ-პერანგზე გაცვია “ტელეგრეიკა”, გარეთ ყინვაა. აი, არც დაიჯერებთ და ყველაზე მეტად შემაწუხებელი იყო მკბენარი… მერე ტელეგრეიკაზე ღილი მომიძვრა, ჩემს ყისმათს დავნიშნავდი, ამ ბნელაში ავაგდებდი და მუხლებზე დამდგარი ვეძებდი. ხან იყო ერთ დღე-ღამეში ვერ მიპოვია. ოთახს ქონდა პატარა “ფორტოჩკა”, სადაც 200 გრ. პური და ერთი “კრუშკა” ჩაი შემოეტეოდა. ეს იყო ერთი დღის ნორმა. ჰაერი კარების დაბლა ღრიჭოდან სიცივესთან ერთად გვარიანად შემოდიოდა. ავად კი არ გავმხდარვარ… ისეც ყოფილა, რომ თორმეტი დღე სინათლე არ მენახა…

_ გადასახლებაში სასულიერო პირებს თუ შეხვედრიხართ?

იცი რამდენს. 1949 წლის მგონი ივნისამდის პოლიტიკური პატიმრები პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, გდრ-ის ერთად ვიყავით. უკვე 1949 წელში პოლიტ-პატიმრების “ლაგერები” ჩამოყალიბდა და ყველა ქვეყანამ თავისი პატიმრები გაიყვანა. სასულიერო პირებთან ერთ ოთახში ვყოფილვარ. საშუალო ზომის ერთ ოთახში ვიყავით 100-150 პატიმარი, ისე რომ დაწოლით მხოლოდ ერთ გვერდზე მოახერხებდი დაწოლას. ფანჯარასთან ჰაერისთვის რიგ-რიგობით ვისხედით.

სასულიერო პირებიდან მახსოვს ერთი რამიშვილი, მეორე – ჩხეიძე. ერთ-ერთს სტალინთან ერთად ჰქონდა სასულიერო დამთავრებული. რუმინელი სამღვდელოება ბევრი იყო, რუსები ხომ ბევრი და ბევრი. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ და წარმოიდგინეთ უჩუმრად, მარა მაინც ლოცულობდნენ, პირჯვარს იწერდნენ. ქადაგებით ვერ ქადაგებდნენ, არ შეიძლებოდა უფრო გაამწარებდნენ…

მე, რომ მაშინ იარაღი არ დამეყარა და არ ჩავბარებულიყავი, როგორც ბობღიაშვილის, იმედიძის, ქააძის, კიტოშვილის ოჯახები გადაასახლეს, ისე ჩემ ორსულ დას – ნატოს გადაასახლებდნენ, მისი ქმარი ლუარსაბ მელაიძეც სამანელი იყო.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20107
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
_ გოგალე პაპა პატიმრობაში ერთხელ თავის მოკვლაც სცადეთ, როგორ გადარჩით?

ყველაზე მძიმე წლები მახსოვს – პირველი ლაგერები ბაქოსა და ასტრახანში, როცა ხუთი ალვანელი ბიჭი ჩემს გვერდით დაიხოცა, ესენიც სამანელები იყვნენ: აბულიანთ არსენაი, დევდარაანთ მათეი, კიბორჭაანთ იროდაი, ქორთოშიანთ საბაი, ბიჭუანთ მათეი. ესენი ასტრახანის ”ლაგერში” დაიხოცნენ. ყველაზე უფროსი იროდაი 35 წლისა იყო, დანარჩენები 26, 27 წლისანი. ძირითადად შიმშილს ვერ გაუძლეს, შიმშილით გარდაიცვალნენ, ომის პერიოდი იყო მაშინ.

ყოფილა, რომ სისუსტისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, 34კგ. ჩამოვსულვარ. ასეთ დროს კაცს მზეზე რომ დააყენებ, აი არ დაიჯერებთ, შუქი გასდის, თავისუფლად დაინახავ გული როგორ ფეთქავს, ნაწლავები როგორ არის დაწყობილი, ფილტვებს, ყველაფერს ხედავ გამჭვირვალეთ… ასტრახანში თუში ბიჭები რომ დამეხოცნენ, მაშინ ვიყავი ასე დასუსტებული. უფრო მორალურად ვიყავი დაცემული. იმათი ტანისამოსიც ხომ ვიღაცამ მიითვისა, გავხედავდი და ერთის ქათიბი ვიღაცას ეცვა, მეორის ქუდი სხვას ეხურა. იჩუაანთ მათეის ღოლოს ძირით შეღებილი თუშურა პალტო ორი-სამი წელი აგურის ქარხნის ბრიგადაში ატარა ვიღაცამ. ყოველ დღე მას ვუყურებდი და გულზე მოვდიოდი. გამოვიდოდი და ვიღას უნდა მივსალმებოდი, ჩემი ბიჭებიდან აღარვინ აღარ მყავდა. ასე, მეც მომაკვდავს, შიმშილისგან დასიებულს ხან შემიტანდნენ, ხან გამიტანდნენ…

ასტრახანში პატიმრობისას, ერთ ღამეს თავის მოკვლა დავაპირე. ეს პატიმრობის პირველი წლები იყო, 1945 წელი იქნებოდა დაწყებული, ჯერ ომიც არ იყო დამთავრებული. ბიჭები ყველა დახოცილებ მყვანდა, საერთოდ აღარცერთი ქართველი აღარ იყო. ბოჩკას ყაპყატო მოვაძრე, ბეტონზე სამკუთხედად გავლესე. მუცელში დამერტყა მოიდრიკებოდა, ჩამოსახრჩობად ვერ ვიპოვიდი ადგილს, აბა 2000-3000 პატიმარია ერთად და სად უნდა წახვიდე. ხოდა, გადავწყვიტე ყელთან ძარღვი გადამეჭრა და სისხლით მაინც დავიცლებოდი.

დაველოდე ყველა დაწოლილიყო, გავედი და აი, არ დაიჯერებთ, რომ გადავწყვიტე უკვე თავის მოკვლა, საყელოც გავიხსენი, გამოვიწევ ამ ძარღვს და თვალებს, რომ დავახამხამებდი “სიაც ვთევზაობდი, ან სიაც მითიბავა, ან სადღაცა ქორწილში ვყოფილვარ, ან რაც სიკეთე მინახავა, თვალებს რომ ვახამხამებდ, თითქოს აი, გორიკაებ, მთებ ცოცხლებ იყვნეს, რაგვერც კურდღელი თოვლში ხტუნავს, აეგრე თვალებში გამირბოდეს ის თუშეთის კლდეებ, მთებ, მინდვრებ… ხელზე მოვიწიკვნიდი, ცოცხალი ვიყავ, არადა ყველაფერს ცოცხლად ვხედავდი, მკვდარ გინდა, ცოცხალი გინდა, ის თუში ბიჭებიც ვინც იქ იყვნეს. ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდი და ბოლოს მოვისროლე, გადავაგდე და დავრჩი ცოცხალი. ოღონდ ისე, რომ ხელის კუნთები დამრჩა შეხუთული და კისერს აქეთ-იქით ვეღარ ვამოძრავებდი. სათითაო კუნთი, ძარღვი და ნერვი კაი ხანს დაჭიმული დამრჩა. 20 წლის გავხდი იმ წელს, ჯერ პირიც კი არ მქონდა გაპარსული”.

_ სამშობლოში დაბრუნებას როგორ გაიხსენებთ?

მე, როგორ ვთქვა, როგორც ადამიანს ორგანიზმიდან ყველაფერი გამოქაჩული მქონდა, აღარც ცრემლი შემრჩა, არც ტკივილის შეგრძნება, არც ემოცია, აღარაფერი აღარ მაკვირვებდა, მეგონა თითქოს ეს ყველაფერი ისევ დროებითი იყო… ცხოვრებისგან სიკეთე ჩემთვის უკვე დაუჯერებელი იყო…

გადასახლებიდან თექვსმეტი წლის შემდეგ ჩამოვედი, სულ გამოცვლილი მეჩვენა ხალხი, თუშობა და საერთოდ საქართველო. თბილისში ჩამოსული სულ პირველად ბაზარზე წავედი, ვიფიქრე ჩემ ხალხს – თუშებს ვნახავ-თქო და გაგიგონია? სადღა იყო ის ბარჯღალა ქუდები, ქათიბები, პაჭიჭები, ის ძველისძველი თუშური ტანისამოსი, ვერცერთი კაცი ვეღარა ვნახე, სულ სხვა ტანისამოსი, აღარც ხევსურები იყვნენ თავის სამოსით. თავისებურად გული ძალიან დამწყდა…

საქართველოში კანის დაავადებით დავბრუნდი. ათი წლის ჯოჯოხეთური პატიმრობის შემდეგ, როგორც კი გამომიცხადეს მუდმივი გადასახლება, რაც თითქმის თავისუფლებას უდრიდა, უცებ მთელ ტანზე თოვლის ფიფქივით კიდე უფრო თხელმა გამონაყარმა დამაყარა, შეუბერავდი და მცვივდებოდა, ფსორიაზი იყო. გადასახლებაში ექვსი წლის მერე რეაბილიტაციაც რომ შემეხო, მოსკოვში სამკურნალოდ წავედი, მაგრამ იქ არ მიმიღეს და თბილისში წამოვედი, მატარებლით ღამე ჩამოვედი. ასეთი დაავადებული კანით, ამდენი ხნის შემდეგ სახლში როგორ ჩავსულიყავი და პირდაპირ ღამე მივედი საავადმყოფოში. არ დაიჯერებთ და 39 დღე თბილისის საავადმყოფოში ვიწექი და არავინ არ იცოდა, რომ მე საქართველოში ცოცხალი დავბრუნდი.

ზუსთად 39-ე დღე იყო. მე-2 სართულზე ვიწექი და პირველზე სასადილოში იქვე ჩამოვედი. ერთი ბიჭი გვერდზე დამიდგა და მელოდება, როდის ვიყიდი, შევხედავ-შემომხედავს, მეცნო ეს კაცი და თურმე მოურავიძე შალიკოა სტუდენტი, ჩემი თანასოფლელი, ერთდროულად ვიცანით ერთმანეთი – შალიკო ხარ! – გოგალე ხარ, – ერთმანეთს აცრემლებულები გადავეხვიეთ. აბა, მეორე დღეს იმ პირველ სართულზე მთელი ქვემო ალვანის სტუდენტობამ მოიყარა თავი, ადგილი აღარსად იყო, წომიკურიძეები, მოურავიძეები, აბულიძეები… გამოუთქმელი სიხარული მქონდა…

არ დაიჯერებთ და ალვანში რომ ჩამოვედი, როგორც მოტირალი მოდის სამძიმარზე, რამდენიმე დღეს, როგორც მიცვალებულზე, ისე მთელი სოფელი ჩემს სანახავად მოდიოდა. ეს ხდება ჩემი დაპატიმრებიდან თექვსმეტი წლის შემდეგ… წასვლას რა თქმა უნდა აღარსად ვაპირებდი, მაგრამ ახლობელმა მირჩია – საიდანაც მოხვედი, ისევ იქ ჯობია წახვიდეო, პოლიტიკური სიტუაცია არეულია და ისევ უბედურებაში არ მოჰყვე, არ დაგიჭირონო. ეს იყო დაახლოებით 1959 წლები. აი, ასე საჩქაროდ, იძულებით კვლავ მომიხდა ჩემი ქვეყნის-კუთხის დატოვება…

ამის შემდეგ საბოლოოდ საქართველოში 1985 წელს დავბრუნდი. გადასახლებაში ბევრი წარმატება და ჯილდოები მქონდა. ორი მეურნეობა ავაშენე, ათი წელი ბრიგადირად ვიყავი, სამი წელი ინჟინრის მოადგილედ და ოცი წელი ინჟინრად ვმუშაობდი.

18 წლისა წავედი და სამშობლოში მუდმივად 65 წლის დავბრუნდი. სულ 47 წელი ვიცხოვრე საქართველოს გარეთ პატიმრობა-გადასახლებით.

აი, როგორც კინოს რომ მივადევნო თვალი, ისე ჩემს ცხოვრებას გადავხედავ ხოლმე, ბევრი მინახავს ცუდიც, კარგიც და აი, ჩემმა ყოფამ მაინცა და მაინც არ გამაოცა. იმიტომ, რომ მარტო ჩემ თავს კი არ ვხედავდი, ჩემზე უარესებსაც. რაც მოხდა მოხდა, აღარ განვიცდიდი ტრაგიკულად, მორჩილებით ვიღებდი და ხშირად სხვასაც ვამაგრებდი…

_ გოგალე პაპა თქვენ ლექსებსაც წერთ. მადლიანი თუშეთის სილამაზეში გაზრდილი ადამიანი შეუძლებელიცაა ბუნებით პოეტი არ იყოს…

მთელი გადასახლება-პატიმრობა ფიქრებს რომ არ ავყოლოდი, გონებაში სულ ლექსებს ვწერდი. კალამსა და ფურცელს იქ ვინ მოგცემდა, მხოლოდ ფიქრებში ვწერდი, წლების მერეღა გადავიტანე ქაღალდზე. პატიმრები მატარებლით რომ გადავყავდით, იმ ბორბლების ხმას სულ ღიღინს ვაყოლებდი, აბა რა უნდა მეკეთებინა. იმას კი, არ ვფიქრობდი, რომ როდისმე დავწერდი ამ ლექსებს, მაშინ გონებაში თავისით მოდიოდა. სულ თუშურ სიმღერებს ვღიღინებდი და ძირითადად სამშობლოზე, ჩემ თუშეთზე ვწერდი.

მაინც და მაინც არავის არ ვემდური, არც – პატიმრობაში. ვინც გვაწამებდა, იმათ კანონი ავალდებულებდა. ყველაფრისთვის ვმადლობ ღმერთს, მაინც ცოცხალი გადავრჩი. მეცოცხლა ერთი 50-60 წელი პენსიამდის, ეს რაღა დამატყდა რომ უკვე 88-ში გადავედი.

წარმოდგენაც არ მაქვს აქამდე როგორ გადავრჩი. არ დაიჯერებთ და 1948 წელში შემოყინული ფეხები, მოშუშებული დღესაც არა მაქვს და უგრძნობლად მაქვს. ფილტვების ანთება და კანის დაავადება – იმ ჯოჯოხეთურ პირობებში სხვა ავადობა მე არ შემხვედრია…

აი, მაინც რომ ვთქვა გავიდა წლები, ერთი დღის შეღავათი არ მქონია, ბევრიც დავმარხე, ბევრიც ვნახე მკვდარი, ჩემზე გაჭირვებულიც ბევრი მინახავს, ჩემსავით დაბრუციანებულები…

ახლა ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი ჩემი ტოლი, ჩემისთანა უსინათლო-ბრუციანი ჩემივით ცხოვრობდეს, არავინ ქვეყანაზე უბედური არ იქნებოდა.

 


Facebook Comments